Главная | Архивы | რეზოლუცია- ჯიქების ეთნიკური კუთვნილების პრობლემა და ჯიქეთი საქართველოს ისტორიაში

რეზოლუცია- ჯიქების ეთნიკური კუთვნილების პრობლემა და ჯიქეთი საქართველოს ისტორიაში

Автор
Размер шрифта: Decrease font Enlarge font

ფორუმი

„ქართულ-ჩერქეზული ისტორიული და კულტურული ურთიერთობები"

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის

„ჯიქების ეთნიკური კუთვნილების პრობლემა და ჯიქეთი

საქართველოს  ისტორიაში“

რეზოლუცია

2015 წლის 12-13 დეკემბერი                               ქ. თბილისი

           


      ვინაიდან კავკასიოლოგიურ ისტორიოგრაფიაში პრაქტიკულად თითქმის არაფერი გაკეთებულა ისეთი  პრობლემური საკითხის გამოსაკვლევად, როგორიც არის შუა საუკუნეების საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონის – ჯიქეთის –  ისტორია და მისი მკვიდრი მოსახლეობის – ჯიქების – ეთნიკური ვინაობა, ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ინიციატივით მოწვეულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მომიჯნავე დარგების მეცნიერთა მონაწილეობით.


     კონფერენციის მუშაობის ძირითად მიზანს შეადგენდა: 

საქართველოს ისტორიაში ჯიქეთის ადგილისა და როლის გარკვევა;

ჯიქების ეთნიკური კუთვნილების საკითხში მეტი სიცხადის შეტანა;

პრობლემის აქტუალიზაცია.


      საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც პროფ. გ. როგავას საიუბილეო თარიღს მიეძღვნა და „ქართულ-ჩერქეზული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების“ ფორუმის ფარგლებში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს 7 ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებათა მეცნიერებმა (ენათმეცნიერები, ისტორიკოსები, ეთნოლოგები, არქეოლოგები). კონფერენციის მონაწილეებმა, რომლებიც ორ სექციაში მუშაობდნენ, მოისმინეს და განიხილეს რა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული 25 მოხსენება, მიიღეს რეზოლუცია და დაასკვნეს:


       თითქმის ორიათასწლოვანი ეთნონიმი „ზიხი“ გვხვდება ანტიკური პერიოდის ბერძნულ- და ლათინურენოვან წყაროებსა და VI-X სს-ის ბიზანტიურ ისტორიოგრაფიაში. ამ მონაცემების მიხედვით, ზიხების განსახლების არეალი ჩერქეზთა/ადიღთა ისტორიულ სამკვიდრო ტერიტორიას ემთხვევა. XII-XV სს-ის იტალიელი ავტორები ყველა ადიღს „ზიხს“ უწოდებენ, ხოლო გენუელი მოგზაური, ჩერქეზეთის პირველი მონოგრაფიული აღწერის ავტორი - ჯ. ინტერიანო - 1502 წელს ვენეციაში გამოცემულ თავის წიგნს ასე ასათაურებს: „ჩერქეზებად წოდებული ზიხების ყოფა და ქვეყანა...“ (ლათ.: La vita et sito de sichi, chiamati circassi...). მომდევნო ხანებში, მას შემდეგ, რაც ადიღელთა აღსანიშნავად მიმოქცევაში ეთნონიმი „ჩერქეზი“ შემოდის (XII ს.),   სახელი „ზიხი“ ევროპული წყაროებიდან თანდათან ქრება, მაგრამ იგი „ჯიქის“ სახით ქართულმა წყაროებმა XIX ს-მდე შემოინახეს. 

  ზიხები – ქართული წყაროების ჯიქები – კავკასიის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენენ. მათი ისტორიული სამშობლო ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მთიანეთი, მთისწინეთი  და შავიზღვისპირა რაიონებია. ისტორიული სამშობლოს გარდა ძვ. წ. I საუკუნიდან ჯიქები, ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან ერთად, ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი, დღევანდელ გაგრა-სოჩის მონაკვეთზე პერმანენტულად ცხოვრობდნენ. მათგან აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ქართველები და აფხაზები მკვიდრობდნენ. ჯიქთა ახალი ტალღა ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე IV საუკუნის ბოლოსაა გადმოსული, VI საუკუნის ბოლოდან კი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯიქთა ახალი, თუმცა შედარებით მცირე ნაკადის, მიგრაცია ხდება. ქართული წყაროების თანახმად, „ჯიქნი დაემკვიდრნეს ბოლოსა აფხაზეთისასა“. 

    VIII საუკუნის დასაწყისში, ანაკოფიასთან ქართული სამეფო ლაშქრის მიერ არაბების დამარცხების შემდეგ, მცირე ხაზარეთის მდინარიდან მდინარე კელასურამდე არსებულ ტერიტორიაზე ქართული იურისდიქცია აღდგა. ამ დრომდე აღნიშნული ტერიტორია ჯერ საბერძნეთის, შემდგომ რომის, ბოლოს კი ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ბიზანტიის კეისარმა ცნო აღნიშნული ფაქტი. VIII საუკუნის ბოლოს ქართველი მეფეების უფლებების გამყარება ლეონ II-ს კიდევ ერთხელ მოუხდა; ქართული სახელმწიფოს განაპირა ტერიტორიაზე მცხოვრები ჯიქები საქართველოს პატრონაჟის ქვეშ აღმოჩნდნენ. 

       VI საუკუნეში ჯიქები გაქრისტიანდნენ. ბიზანტიელებმა მათ სამართავად 538 წელს ნიკოფსიაში ეპისკოპოსი გაამწესეს. მოგვიანებით, 840 წელს ნიკოფსიის საეპისკოპოსო გადაკეთდა სამთავარეპისკოპოსოდ, რომელიც X საუკუნიდან მცხეთის საკათალიკოსო ტახტს დაექვემდებარა.   

   ჯიქები ქართული სამეფო სახლის ერთგულებით გამოირჩეოდნენ. მათ მიმართ განსაკუთრებული ნდობა ჰქონდათ ქართველ მეფეებს. სავარაუდოდ, ტერიტორია მცირე ხაზარეთის მდინარიდან დღევანდელ გაგრამდე სამეფო დომენს წარმოადგენდა, ჯიქები კი აქ მცხოვრებ ქართველებთან ერთად ერთგვარ ბუფერს ქმნიდნენ და ქართულ სახელმწიფოს სტეპის მომთაბარეებისგან იცავდნენ. XVIII საუკუნისთვის, წყაროების უმეტესობის ცნობით, ჯიქეთი გაგრა-სოჩის მონაკვეთია, ხოლო ტერიტორია ქერჩის სრუტიდან  სოჩის ჩათვლით მდ. ფსოუმდე - ჩერქეზეთი; ჯიქეთის მდებარეობაში მომხდარ ცვლილებებს ზუსტად ასახავს XVIII საუკუნის დასაწყისის ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი: „აფხაზეთს იქით, კაპპეტის წყლის დასავლეთს, ბაგრატოვანთ ჟამს აქეთ აქამომდე უწოდებენ ჯიქეთს, არამედ გორგასალის ცხოვრება უწოდებს ჯიქეთს ამ ჯიქეთის ჩრდილოთ კერძოს, კავკასის მთის იქითს კერძს ზღუამდე“. 

       XIX საუკუნიდან რუსეთი კავკასიის დასაპყრობად აქტიურ საომარ ოპერაციებს ახორციელებს. კავკასიის ომის ბოლო აკორდი ჯიქების დაპყრობა იყო. ჯიქები უკლებლივ გადასახლდნენ და დღემდე იძულებით დევნილობაში არიან. გაგრა-სოჩის ტერიტორია მოსახლეობისგან მთლად დაიცალა. 1870 წლისთვის აქ მხოლოდ გადმოსახლებული მოლდაველების - სამი, ბერძნების - ერთი და ჩერქეზთა ორი სოფელი არსებობდა. შემდგომ პერიოდში აღნიშნული მხარე რუს მაღალჩინოსნებს შორის დანაწილდა სამფლობელოებად, რომლის უდიდესი ნაწილი დიდი მთავრის ხელში აღმოჩნდა.


     საყურადღებოა ჯიქ-ქართველთა ურთიერთმიმართების პრობლემა ენობრივი თვალსაზრისით. სპეციალური ლინგვისტური შტუდიებით მტკიცდება, რომ საერთოქართველური და საერთოჩერქეზული ფუძე-ენები ავლენენ ერთიან წარმომავლობას, გენეტიკურ ნათესაობას, რაც ეფუძნება ძირითადი ლექსიკური ფონდის (პროფ. მ. ჩუხუას მიერ შედგენილი ჩერქეზულ-ქართველური ეტიმოლოგიური ლექსიკონი ათასზე მეტ ძირ-ფუძეს შეიცავს), მორფოლოგიური და ფონოლოგიური ინვენტარის რეგულარულ და კანონზომიერ შესატყვისობებს,რასაც ამავდროულად სისტემური ხასიათი აქვს. გენეტიკურად ერთიანი, საერთოძირიანი მასალის მონაცემებს ეხმიანება/ეთანადება ნასესხებ სიტყვათა ჩვენებაც, სადაც ურთიერთსესხების გვერდით ვლინდება მესამე წყაროდან მომდინარე ერთეულებიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ენობრივი კონტაქტებიც ერთგვაროვანი იყო და არ სცილდებოდა რეგიონისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს.     

     ანთროპოლოგიური კვლევების შედეგები კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის პალეოლინგვისტური და ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერების დასკვნებს, ამ უკანასკნელის მიხედვით იკვეთება ჩერქეზული და ქართველური (დასავლურქართველური) ერთიანი ანთროპოლოგიური ტიპი. უტყუარი ჩანს ბიოლოგიური (resp. გენეტიკური) მონაცემების შედეგებიც, საიდანაც ირკვევა, რომ ჩერქეზული ეროვნული სხეული (გენოფონდი), ისევე როგორც ქართველებისა, ძირითადად შენდებოდა ენდემური Y ქრომოსომული G2a (მეტად) და J2a (ნაკლებად) ჰაპლოჯგუფების საფუძველზე, რაც ამავდროულად ქართველებისა და ჩერქეზების ავტოქთონურობას ამტკიცებს.

       კონფერენცია დასაბუთებულად მიიჩნევს, რომ ჩერქეზული სუბეთნიკური ჯგუფების, და, ამდენად, მთლიანად ადიღური ეთნიკური ერთობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ სახეს საფუძვლად უდევს პროტოჯიქური და საერთოკავკასიური პლასტები პირველის უპირატესობით.

  • Отправить другу Отправить другу
  • Версия для печати Версия для печати
  • Текст Текст

Tagged as:

რეზოლუცია, ჯიქები, ჩერქეზები, ბზიფი, ჯიქეთი

Оцените статью

5.00