პოლ გობლი: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩერქეზული ოცნების რეალიზაციისკენ
პუბლიკაცია: ევრაზიის ყოველდღიური მონიტორინგის N17 ტომი, გამოცემა: მე-16
ბალახის ერთი ღერო, რაც არ უნდა პატარა იყოს იგი, ისევე დაამსხვრევს აუცილებლად ბეტონის ბილიკს (რა სისქისა არ უნდა იყოს), როგორც, დღეს ჩერქეზი ერი ძლევს რეპრესიებისა და ბატონობის გრძელ რუსულ ისტორიას. რუსეთთან სამი საუკუნის წინ დაწყებული კონტაქტის შემდგომ, ჩერქეზი ერი მუდმივად აღწევდა იმას, რაც ხშირად შეუძლებელი გვეგონა: არა მხოლოდ ეროვნული გადარჩენა, არამედ ეროვნული გამარჯვების შესაძლებლობა ჩერქეზული იდენტობის კვლავ შეფასებისა და მოთხოვნა, მათი სამშობლოში დაბრუნებისა. ჩერქეზი მწერლისა და აქტივისტის ადელ ბაშქავის ახალი გამოკვლევა ყურადღებას ამახვილებს ამ დინამიკურ ტენდენციაზე, რომელიც მოიცავს მის თანამემაულეებს (ეთნიკურ ჩერქეზებს) რუსეთსა და მთელი მსოფლიოს დიასპორებში.
ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩერქეზები ებრძოდნენ ბევრად უფრო დიდ და უკეთესად შეიარაღებულ ცარისტულ რუსულ არმიას. ეს ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მაგრამ 1864 წელს ისინი იძულებით განდევნეს თავიანთი სამშობლოდან - ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან - ქმედება, რომელსაც ისინი თავად და დღესაც არაერთი ქვეყანა, მათ შორის ოფიციალურად საქართველოს რესპუბლიკა, აღიარებენ, როგორც გენოციდს. რუსეთის სახელმწიფო თვლიდა, რომ იძულებითი მასობრივი გადასახლება ამ ერს აღგვიდა პირისაგან მიწისა. მაგრამ იმ ჩერქეზთა მცირე ნაწილი, რომლებიც დარჩნენ თავიანთ საგვარეულო მიწებზე, განუხრელად იცავენ თავიანთ ტრადიციებს; დიასპორებში ასობით ათასმა ადამიანმა არამარტო მოიპოვა ხალხთა და მთავრობათა ნდობა, რომელთა შორის ისინი ახლა ცხოვრობენ, არამედ ინარჩუნებენ თავიანთ ეროვნულ თვითმყოფადობას იმ სანუკვარი დღისთვის, როდესაც ისინი შესაძლოა კვლავ გაერთიანდნენ სამშობლოში.
1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, მოსკოვმა ჩერქეზები დაანაწევრა რამდენიმე სხვადასხვა ”ეროვნებებად”, მიზანი - ერთიანი ერის განადგურება; ამასთან, საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩერქეზთა საერთო მეხსიერების წაშლა და დაბრუნების იმედის ჩაკვლა დიასპორაში. როდესაც საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშალა, შვიდი ათეული წლის შემდეგ, ბევრ ჩერქეზს სჯეროდა, რომ საბოლოოდ დადგა მათი დღე; მაგრამ რუსეთის ფედერაციის მთავრობა ჩერქეზებისთვის ისეთივე მტერი გახდა, როგორც საბჭოთა და ცარისტული წინამორბედები.
თუმცა წლების შემდეგ, ძალაუფლებამ ბალანსირება დაიწყო ინტერნეტის წყალობით. სამშობლოში მყოფი ჩერქეზები და დიასპორის ჩერქეზები გაერთიანდნენ, მიუხედავად მათი ბრძოლის მეთოდების სხვაობისა. პირველი ყურადღებას ამახვილებდა საერთო ჩერქეზული იდენტობის მოთხოვნაზე, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციაში. ამასთან, მეორენი აღშფოთდნენ იმის გამო, რომ მოსკოვი აგრძელებდა დანაშაულებებს, მაგალითად, 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარება სოჭში, ზუსტად იმ ადგილზე, საიდანაც მათი წინაპრები განდევნეს 1864 წელს, ასევე ომის შედეგად დაშლილ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ჩერქეზებისთვის ხელის შეშლა შინ დაბრუნებაში. ჩერქეზი ერის თითოეული განშტოება არა მხოლოდ შთააგონებდა მეორეს, არამედ მოუწოდებდნენ ერთმანეთს, ეწამათ, რომ მათ არა მხოლოდ შეეძლოთ ბრძოლების გაგრძელება, არამედ გამარჯვებაც.
წინააღმდეგობის ამ უწყვეტმა ქმედებებმა გამოიწვია მსოფლიოს მრავალი ადამიანის თანაგრძნობა, რომელთაც სჯერათ, რომ ჩერქეზული ბალახის ღერო საბოლოოდ „დაამსხვრევს“ მეტად გასქელებულ ბეტონს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოა ვლადიმერ პუტინის თაოსნობით. ხოლო ისინი, ვისაც დღესაც არ სჯერათ „ჩერქეზული სასწაულის“ სიცოცხლისუნარიანობისა, ცდებიან.
მრავალი ერისთვის, ამგვარი დიდი რეპრესიები და მიზანმიმართული დამყოფი სახელმწიფო პოლიტიკა შესაძლოა, მძიმე ყოფილიყო, მაგრამ ჩერქეზებისთვის არა. მათ უკვე მიაღწიეს იმას, რაც შეუძლებელი ჩანდა - 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათ მოახერხეს გადარჩენა, როგორც თვითმყოფადი, ცალკე ერი, მიუხედავად იმისა, რომ მიმოფანტულნი არიან მსოფლიოში, ხოლო დათრგუნულნი საკუთარ მიწაზე. მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ აგრძელებენ სიცოცხლეს იმ სულისკვეთებითა და ერთგულებით, რამაც განაპირობა ახალი ინტელექტუალური გაფურჩქვნა როგორც მათ სამშობლოში, ისე მთელ მსოფლიოში. ადელ ბაშქავის ახალი წიგნი „ჩერქეზული სასწაული: ერი ვერც ცარებმა, ვერც კომისრებმა და ვერც რუსეთმა შეაჩერა” (Xlibriis, 2020, 1167 გვ.), ამ განვითარების ნაწილია. ნაშრომი მოგვითხრობს ჩერქეზული წინააღმდეგობის ისტორიას, ავტორი იმოწმებს წყაროებს და მონაწილეობს იმ გამარჯვებისთვის ბრძოლაში, რომელთანაც ჩერქეზები ძალიან ახლოს არიან, ვიდრე 1864 წლის შემდეგ ნებისმიერ დროს.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად შეიძლება იცოდეს მავანმა ჩერქეზული საკითხი, მაგრამ ბაშქავის წიგნი სასარგებლო სახელმძღვანელოა ყველასთვის. იორდანიაში დაბადებული ჩერქეზი, რომელმაც კარიერა გაიკეთა, როგორც ავიამფრინავმა და ჩერქეზებზე კიდევ ერთი გამორჩეული წიგნის ავტორი “ ჩერქეზეთი: დაბადებული თავისუფლებისთვის” (2017), გვთავაზობს არა მხოლოდ დოკუმენტირებულ ისტორიას თავისი ხალხისა და მათი ბრძოლების შესახებ, არამედ მასალებსა და ბიბლიოგრაფიას ზოგადად ეროვნული მოძრაობის შესახებ. წიგნი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩერქეზების საერთაშორისო კამპანიას 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ (იხ. EDM 2013 წლის 6 ნოემბერი; იხ. Jamestown.org, 2014 წლის 19 თებერვალი), ასევე რუსეთის მთავრობის მიერ დაუსრულებელ თავდასხმებს სოჭსა და სხვაგან მცხოვრებ ჩერქეზებზე, როგორიცაა, მაგალითად, ურბანული განახლების გამოყენების გეგმები ამ ქალაქში ჩერქეზული შტოს (შაფსუღების) განადგურების მიზნით (Kavkazr.com, 2018 წლის 23 ნოემბერი და 2020 წლის 9 იანვარი; Windowoneurasia2.blogspot.com, 2020 წლის 14 იანვარი).
განსაკუთრებით აღსანიშნავია წიგნის 400-ზე მეტი დოკუმენტი, რომელთა თავმოყრა და მოპოვება არ იყო ადვილი. წარმოდგენილი დოკუმენტები ამყარებენ ავტორის არგუმენტებს და ქმნიან საფუძველს მომდევნო კვლევებისათვის და ჩერქეზული საკითხის გაღრმავებული შეცნობისა და მხარდაჭერისათვის. ეს კი შეუძლებელია დოკუმენტებისა და ფასეული წიგნის გარეშე. ნათქვამია, რომ რევოლუცია მოითხოვს სამი კატეგორიის ადამიანებს: ფილოსოფოსებს, რომლებიც განმარტავენ, თუ რატომ არის აუცილებელი რევოლუცია, აქტივისტებს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ მოსახლეობას მიზნის მისაღწევად, და გამოცდილი მენეჯერები, რომელთაც შეუძლიათ განახორციელონ რევოლუციის ინსტიტუციონალიზაცია რევოლუციის შემდეგ. ადელ ბაშქავი აერთიანებს პირველ და მეორე როლებს და გამარჯვების მიღწევის შემდეგ მესამეს ირგებს.
და ეს შეიძლება მოხდეს იმაზე ადრე, ვიდრე მავანი ფიქრობს. ამ წიგნის კითხვისას მკითხველს ახსენდება მაჰატმა განდის სიტყვები ეროვნული თავისუფლებისკენ სწრაფვის შესახებ: ”პირველად თქვენი მოწინააღმდეგეები უგულებელგყოფენ თქვენ,” - წერს ინდოელი ლიდერი, - ”შემდეგ, დაგცინიან; შემდეგ გებრძვიან; და ბოლოს თქვენ იმარჯვებთ”. თანამედროვე მოსკოვი უკვე აღარ იცინის, არამედ იბრძვის. ჩერქეზების გამარჯვება წინაა, ხოლო ადელ ბაშქავის ახალი წიგნით კი ეს გამარჯვება შორს არაა.